ვაშინგტონში კაპიტოლიუმზე თავდასხმაში ბრალდებულ ჯეიკობ ჩენსლის, იმავე "QAnon-ის შამანს" 41 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ის დანაშაულს აღიარებს.
ბრალდების მხარე მისთვის ოთხზე მეტი წლით პატიმრობას მოითხოვდა, ხოლო ადვოკატები მხოლოდ 10-თვიან სასჯელზე საუბრობდნენ. ციხეშო ყოფნის დროს, ჩენსლის შიზოფრენია, შფოთვითი აშლილობა და დეპრესია დაუდასტურდა.
კაპიტოლიუმზე თავდასხმის დროს ჩენსლი დასამახსოვრებელი გახდა თავისი ჩაცმულობისა და რქებიანი ქუდის გამო. ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის მაგიდასთანაც პოზირებდა, რომლის ფოტოებიც ინტერნეტში სწრაფად გავრცელდა.
6 იანვარს ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმში შეიჭრნენ, რათა საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატი ჯო ბაიდენის გამარჯვების დამტკიცებისთვის ხელი შეეშალათ. შტურმის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ დაიღუპა ხუთი ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციის ოფიცერი.
ამ შემთხვევამდე ცოტა ხნით ადრე დონალდ ტრამპი თეთრ სახლთან გამართულ მიტინგზე თავისი მხარდამჭერების წინაშე სიტყვით გამოდიოდა, სადაც არაერთხელ გაიმეორა, რომ არჩევნების შედეგები გაყალბებულია.
დემოკრატიულმა პარტიამ თავდასხმის წაქეზებაში სწორედ ტრამპი დაადანაშაულა, რის გამოც წარმომადგენელთა პალატამ პრეზიდენტს იმპიჩმენტიც გამოუცხადა. თუმცა სენატმა ტრამპი დამნაშავედ არ სცნო და იმპიჩმენტი ვერ შედგა.